საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმება-უმუშევრობის 2009 წლის მაჩვენებელს აქვეყნებს. საქართველოში უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 2009 წელს 2008 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში გაიზარდა 0,4 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 16,9%.
2008 წლის აგვისტოს ომმა და ქვეყანაში განვითარებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლებზე. ეკონომიკური კრიზისის გავლენა სწრაფად გადაედო შრომის ბაზარს და უმუშევრობის ზრდის ძირითადი ნახტომი სწორედ 2008 წელს მოხდა. კერძოდ, 2008 წლის მეორე ნახევარში სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში მოხდა დასაქმებულთა მნიშვნელოვანი შემცირება, შედეგად 2008 წელს უმუშევრობის დონე 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში 3,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 16,5% შეადგინა.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ 2009 წლის კრიზისის გაღრმავებას შრომის ბაზარი შეხვდა წინა წელს მომხდარი შოკების ფონზე. პარალელურად კრიზისის განვითარებასთან ერთად აღინიშნა მოსახლეობის აქტიურობის დონის ზრდა. 2009 წელს აქტიურობის დონე წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1,0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 63,6% შეადგინა.
საქართველოს ეკონომიკისათვის ურთულეს წელს უმუშევრობის დონის შედარებით მცირე მასშტაბებით ზრდას კიდევ ერთი ობიექტური ფაქტორი განაპირობებდა. წინა წლების მსგავსად, 2009 წელსაც თვითდასაქმებულები კვლავ შეადგენდნენ დასაქმებულთა ძირითად ნაწილს. მათი ხვედრითი წილი მთლიან დასაქმებულებში მცირედით შემცირდა და 63,9% შეადგინა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თვითდასაქმებულების აბსოლუტური უმრავლესობა სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული და მეტწილად თავის საკუთრებაში მქონე მიწების/მეურნეობის მართვას ეწევა, ნათელი ხდება, რომ სამუშაო ძალის არსებითი ნაწილი თითქმის უცვლელად იქნება დასაქმებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მიხედვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ სოფლის მოსახლეობის აქტიურობის დონე ყოველთვის საგრძნობლად აღემატება ქალაქის მოსახლეობის აქტიურობის დონეს.
2009 წელს თვითდასაქმებულთა ხვედრითი წილი სოფლის მოსახლეობაში შეადგენს 82,5%-ს, მაშინ როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი ქალაქის მოსახლეობაში მხოლოდ 32,1%-ს შეადგენს. ზემოაღნიშნული განაპირობებს უმუშევრობის დონის მნიშვნელოვან სხვაობას ქალაქისა და სოფლის მოსახლეობაში.
აგვისტოს ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია მოსახლეობის უმუშევრობის დონეზე. ეს განსაკუთრებით დაეტყო ქალაქის მოსახლეობას, სადაც დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი (2009 წლის მდგომარეობით - 67%) მოდის დაქირავებით დასაქმებულებზე. 2008 წელს ქალაქის მოსახლეობაში უმუშევრობის დონის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 28,9% შეადგინა. 2009 წელს ეკონომიკურ კრიზისს მნიშვნელოვანი გავლენა აღარ მოუხდენია ქალაქის მოსახლეობის დასაქმებაზე, რაც აისახა უმუშევრობის დონის მაჩვენებელში. აღნიშნული მაჩვენებლი 2009 წელს თითქმის არ შეცვლილა 2008 წელთან მიმართებაში და 28,8% შეადგინა.
სქესობრივ ჭრილში აღსანიშნავია აქტიურობის დონის ზრდა როგორც კაცებში, ასევე ქალებში. ტრადიციულად უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია ვიდრე ქალებში. აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდა 2009 წელსაც.