17-22 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის ხელოვნების ცენტრი ტრადიციულად, გრანდიოზულ მეოთხე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს - BATUMI MusicFest უმასპინძლებს.
ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ქართველი პიანისტისა და იუნესკოს მშვიდობის ელჩის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“.
ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ბათუმს საგანგებოდ სტუმრობენ კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები, რომლებიც ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მსოფლიო და ქართული კლასიკური მუსიკის შედევრებს შეასრულებენ.
ფესტივალის ფარგლებში, იუნესკოს მშვიდობის არტისტი, ელისო ბოლქვაძე, იუნესკოსადმი მიძღვნილ სემინარს გამართავს, რომელსაც დაესწრებიან სპეციალურად ჩამოსული იუნესკოს მშვიდობის ელჩები - ფრანგი პიანისტი სიპრიან კაცარისი და სუდანელი არტისტი ალი მაჰდი. სემინარის თემა იქნება მუსიკის ენით მშვიდობის დამყარება კონფლიქტურ რეგიონებში. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება, რომელიც სპეციალურ დიპლომებს გადასცემს მასტერკლასებში მონაწილე ნიჭიერ ბავშვებს.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, პირველად საქართველოს მუსიკალური ფესტივალების ისტორიაში - BATUMI MusicFest ევროპული ფესტივალების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
ქართველი ახალგაზრდა პიანისტებისა და მევიოლინეებისათვის მასტერკლასები ყოველ წელს იმართება, სადაც წარმატებული კანდიდატები შეირჩევიან საზღვარგარეთ გალა კონცერტებში მონაწილეობისათვის.
ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და ძირითადად, პოპულარული კლასიკური შედევრებისგან შედგება.
17 სექტემბერს, ფესტივალის გახსნაზე ქართველი პიანისტი, იუნესკოს არტისტი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ელისო ბოლქვაძე, მსმენელის წინაშე მოცარტის საფორტეპიანო კონცერტით წარსდგება. სლოვენიელი კლარნეტისტი, დარკო ბრლეკი კი მოცარტის კონცერტს ააჟღერებს.
18 სექტემბერი მთლიანად დაეთმობა ქართულ ფოლკლორულ მუსიკას ლეგენდარული „ქართული ხმების’’ მონაწილეობით.
19 სექტემბერს ცნობილი დირიჟორის, ფილიპ მანის დირიჟორობით შესრულდება ბეთხოვენის შედევრი - მე-7 სიმფონია და ბიზეს კარმენ სუიტა.
20 სექტემბერს ფრანგული საფორტეპიანო მუსიკის შედევრს - რაველის (Maurice Ravel) კონცერტს შეასრულებს სტუმარი საფრანგეთიდან, მსოფლიო ვარსკვლავი - სიპრიან კაცარისი (Cyprien Katsaris). ბათუმის სიმფონიურ ორკესტრს მამუკა ალაფიშვილი უდირიჟორებს.
21 სექტემბერს, ქართველ დირიჟორთან დავით კინწურაშვილთან ერთად ლისტის მე-2 საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს ახალგაზრდა პიანისტი მაია ირგალინა ბელორუსიიდან. ამავე კონცერტზე შესრულდება მოცარტის შედევრი - მე-40 სიმფონია.
22 სექტემბერს, დასკვნითი კონცერტი მიეძღვნება ბრწყინვალე ქართველ კომპოზიტორს, ალექსი მაჭავარიანს (Aleksandre Machavariani), სადირიჟორო პულტთან ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგება ვახტანგ მაჭავარიანი.
ფესტივალის მსვლელობას აშუქებს უცხოური პრესაც. 6 სექტემბერს ფრანგული თანამედროვე რადიო სადგური, Radio Classique რომელსაც მილიონობით მსენელი ჰყავს, მთელ დღეს მიუძღვნის ბათუმის ფესტივალის გაშუქებას და ზოგადად, საქართველოს კულტურას.