7-8 ნოემბერს საკონსტიტუციო კომისიის წევრები ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს. შეხვედრებს კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტარაშვილიც დაესწრება.
კომისიის წევრები დამსწრე საზოგადოებრიობას გააცნობენ ინფორმაციას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში უკვე განხილული საკითხებისა და მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე. მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გათვალისწინებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა რეფორმის დაჩქარება ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური რეგლამენტაციის სფეროში.
საუბარი შეეხება ასევე სახელმწიფოს მართვა-გამგეობის ფორმას, სასამართლო ხელისუფლებას და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს. აღინიშნება მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში საზოგადოების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.
მსგავსი შეხვედრები კომისიის წევრებმა უკვე გამართეს ახალციხეში, ბორჯომსა და გორში.