თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ცნობილი ქართველოლოგის მარი ფელისიტე ბროსეს ბიუსტი გახსნა. ცნობილი ფრანგი ენათმეცნიერის ბიუსტი დედაენის ბაღში განთავსდა. მისულ სტუმრებს, თბილისის მერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და ხელნაწერთა ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს.
თბილისის მერის თქმით, მარი ბროსეს ბიუსტი განახლებული ფორმით არის გაკეთებული.
“მარი ბროსეს ღვაწლი ჩვენს ქალაქთან და ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში დიდია, როგორც კულტურულ ასევე საგანმანათლებლო სფეროში. მას უკავშირდება ძალიან ბევრი კარგი საქმე. ჩვენი თაობები დღემდე სარგებლობენ მისი შემოქმედებით. სწორედ ამიტომ, მისი ღვაწლის უკვდავსაყოფად, ჩვენ გადავწყვიტეთ ბიუსტის გაკეთება დედაენის ბაღში“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მარი ბროსეს ბიუსტი წლების განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ სკვერში იყო განთავსებული. 2004 წელს ქანდაკება მოიპარეს. ბროსეს ბიუსტის აღდგენა ცნობილი ქართველი მოქანდაკის, ჯუნა მიქატაძის მიერ შექმნილი ყალიბის გამოყენებით მოხდა.
მარი ფელისიტე ბროსეს ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. მან შეისწავლა პარიზში დაცული ქართული ხელნაწერები, გამოაქვეყნა რამდენიმე ქართველოლოგიური ნაშრომი, აგრეთვე ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოები.
1838 წელს მარი ბროსე პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს ქართულ-სომხური ფილოლოგიის განხრით. 1847-1848 წლებში ბროსემ იმოგზაურა საქართველოში, შეკრიბა ეპიგრაფიკული, ნუმიზმატიკური, დოკუმენტური და სხვა მასალა და პეტერბურგში სამ წიგნად გამოაქვეყნა (1849-1851).
დიდი წვლილი შეიტანა ბროსემ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის საქმეში. მარი ბროსემ გამოაქვეყნა ნაშრომი ქართული "რაინდული რომანის" თავისებურების შესახებ, დ. ჩუბინაშვილთან და ზ. ფალანდიშვილთან ერთად 1841 წელს გამოსცა "ვეფხისტყაოსანი".
მარი ბროსეს ბიუსტის გახსნას მისი შთამომავლებიც დაესწრნენ.