სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" თბილისის მერობის კანდიდატების: "ალიანსელი" ირაკლი ალასანიას, "ქრისტიან-დემოკრატი" გია ჭანტურიას და "მრეწველი" გოგი თოფაძის სტუდენტებთან შეხვედრა დასრულდა. აღნიშნული შეხვედრა "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის" ორგანიზებითა და "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრამდე გამოიკითა 320 სტუდენტი და გაირკვა, რომ სტუდენტებს ყველაზე მეტად შეხვედრა სწორედ ირაკლი ალასანიასთან, გია ჭანტურიასთან, გოგი თოფაძესთან და გიგი უგულავასთან სურდათ, თუმცა დღეს "შერატონ მეტეხი პალასში" გიგი უგულავა არ მისულა.
მერობის კანდიდატებმა სტუდენტებს თავიანთი საარჩევნო პროგრამები გააცნეს, რის შემდეგაც მათ კითხვებს უპასუხეს. სტუდენტების კითხვების უმრავლესობა გია ჭანტურიას წინასაარჩევნო პროგრამას ეხებოდა - "დასაქმება და დაბალი ტარიფები." სტუდენტებს აინტერესებდათ, თუ როგორ აპირებენ "ქრისტიან-დემოკრატები" არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ პროგრამის რეალიზაციას. გია ჭანტურიას განცხადებით, ივნისში საქართველოში ამერიკელი ექსპერტები ჩამოვლენ, რომელთან ერთადაც "ქრისტიან - დემოკრატები" საჩივარს შეადგენენ და სასამართლოში შეიტანენ. მისი თქმით, სავსებით შესაძლებელი, რომ საქართველოში 1 კუბური მეტრი გაზის ღირებულება 10 თეთრი იყოს.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა ხუთი უმაღლესი სასწავლებლის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნეს სკოლის, "ჯიპას", ილიას უნივერსიტეტისა და ტექტნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.
ღონისძიება ხორციელდება პროექტის - "სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" ფარგლებში.