სახალხო დამცველი აფგან სადიგოვთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის რწმუნებულმა, ასევე, აპარატის ექიმმა საქართველოს ციხეში მოშიმშილე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დღეს, 12 თებერვალს მოინახულეს.
განცხადების თანახმად, ისინი გაესაუბრნენ პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის მოადგილეს, ასევე, სადიგოვის მკურნალ ექიმს და გაეცნენ სამედიცინო დოკუმენტაციას – ომბუდსმენის განცხადებით, „სამედიცინო ბარათის თანახმად, ფიქსირდება წონის გამოხატული კლება”.
„აფგან სადიგოვი აგრძელებს სრულ შიმშილობას, მის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საექსტრადიციო საქმისწარმოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
სამედიცინო ბარათის თანახმად, ფიქსირდება წონის გამოხატული კლება. ექიმის მოსაზრებით, სხვა მონაცემები ამ ეტაპზე, სახიფათო არ არის, თუმცა არც უეცარი გართულებები გამოირიცხება.
სამედიცინო პერსონალის განმარტებით, პატიმარს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, უკვე რამდენიმე დღეა, მისივე თანხმობით, მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. თუმცა, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე კვლავ უარს აცხადებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის ცნობითვე, ექიმმა აფგან სადიგოვს მიაწოდა ინფორმაცია შიმშილობის მოსალოდნელი შედეგების შესახებ და აპარატმა გამოითხოვა სადიგოვის სრული სამედიცინო დოკუმენტაცია.