"საზოგადოებრივი მაუწყებელი" ოჯახებში რადიოს მოსმენის ძველი ტრადიციის აღდგენას გეგმავს. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა, გია ჭანტურიამ დღეს პარლამენტში, განათლებისა და მეცნიერების და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" რამდენიმე ათასი სპეციალური რადიომიმღების შეძენას გეგმავს, რომელსაც ივნისის ბოლომდე სოციალური მდგომარეობის მიხედვით, დედაქალაქის მოსახლეობას დაურიგებს.
მისი თქმით, ამ პროექტით აღდგება ძველი ტრადიცია, როდესაც ყველა ოჯახში იყო რადიო. ახალი რადიომიმღები მხოლოდ საზოგადოებრივ რადიოზე იქნება მომართული.
ამასთან, ჭანტურია გამოვიდა ინიციატივით, რომ 23 მაისი ელექტრონული მედიის დღედ დაწესდეს. აღსანიშნავია, რომ თავად საზოგადოებრივ რადიო ახალი ფორმატით სწორედ 23 მაისს გავა. ამ დღეს საზოგადოებრივი რადიო 85 წლის ხდება.