სახალხო დამცველი 2015 წლის ანგარიშში, პოლიციის მიერ დაკავებული პირებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2015 წელს ეს საკითხი მწვავედ იდგა.
”2015 წელს მწვავედ იდგა პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი და შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ უმეტეს შემთხვევებში, განმცხადებელთა ახსნა-განმარტებებში იკვეთება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის პოლიციის თანამშრომელთა წინასწარი, მიზანმიმართული მზადება და მისი განხორციელება, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, რაც წამების დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია”, - ნათქვამა ანგარიშში და აღნიშნაული, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ზოგიერთი განმცხადებლის სხეულზე არსებული დაზიანებების ლოკალიზაცია და ხასიათი, ასევე ის ფაქტი, რომ მიღებული დაზიანებების გამო აუცილებელი გახდა რამდენიმე მათგანის სამოქალაქო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
”განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ, რიგ შემთხვევებში, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე დაკავებულ პირებს ღამის გატარება პოლიციის სამმართველოში მოუწიათ. იზოლატორში შესახლებამდე დაკავებული პირების პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის ხანგრძლივობა, შესწავლილ შემთხვევებში, 5 საათიდან 23 საათამდე მერყეობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში, დაკავების ოქმში მითითებული დაკავების ფაქტობრივი დრო არ ემთხვევა განმცხადებლის მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულებისათვის დასახელებულ დროს”, - ნათქვამია ანგარიშში.