„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ მიიჩნევს, რომ პრობლემური აქტივების ამოღების მიმართულებით (ე.წ. პრობლემური სესხები) კომპანიების საქმიანობა მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. ჩვენს ხელთ არსებული და საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემური სესხების ამომღები კომპანიები კლიენტებთან ურთიერთობისას იყენებენ კანონგარეშე მეთოდებს. შესაბამისად, “აფბა” მოუწოდებს პროკურატურას და სხვა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დროულად დაინტერესდენ პრობლემური აქტივების მართვის კომპანიების საქმიანობის კანონიერებით და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
„აფბა“ აქტიურ და პერმანენტულ მონიტორინგს ახორციელებს ე.წ. „ამომღები კომპანიების“ საქმიანობაზე და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ფინანსური დავალიანების მქონე პირების მიმართ, რაც “აფბა“–სთვის დაზარალებული მომხმარებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხორციელდება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ეს პროცესები მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს შანტაჟს, მუქარას, ნათესავებზე ზეწოლას, მომხმარებლებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, კლიენტთა მოტყუების გზით კაბალური ხელშეკრულებების გაფორმებას, აგრეთვე სარგებლობენ რა კლიენტების დაბალი ფინანსური განათლებით ემუქრებიან სისხლის სამართლებრივი დევნით და ა.შ.
ორგანიზაცია „აფბა“ არ მოუწოდებს ფინანსური პროდუქტების მომხმარებლებს ვალდებულებების არ გადახდისკენ, მაგრამ გადაუხდელობის შემთხვევაში პრობლემურ მსესხებლებთან ცივილურ ფარგლებში ურთიერთობა უაღრესად მნიშნელოვანია. არ შეიძლება ადამიანის შანტაჟი და მუქარა იმის გამო, რომ მან რაიმე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ვერ შეასრულა, რადგან ეს უკვე ცდება ფინანსურ ურთიერთობებს და საერთოდ კანონიერ ჩარჩოებს, რაც იწვევს მომხმარებლის არა მხოლოდ მატერიალური, ისე მორალურ ზიანს და ხშირ შემთხვევაში პირადი რეპუტაციის შელახვასაც, რაც სწორედ ზემოაღნიშნული კომპანიების დამსახურებაა. უბრალოდ მაგალითისთვის, რომ გავნიხილოთ, ბუნებრივი აირის ან ელ. ენერგიის გადაუხდელობის გამო ვიღაც, რომ გემუქრებოდეთ ციხეში ჩასმით ან ქონების დაყადაღებით. ხოლო კომუნალური მომსახურებები ისეთივე პროდუქტია, როგორც კრედიტები და თუ კლიენტი ვერ იხდის ელ. ენერგიის გადასახადს მას უწყდება აღნიშნულ პროდუქტზე ხელმისაწვდომობა და მომწოდებელი კომპანია მიდის სასამართლოში მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით. ეს არის ცივილური ურთიერთობა. ხოლო რა ხდება კრედიტის შემთხვევაში, კლიენტს უწევს გაურკვეველი წარმომავლობის მოძალადე კომპანიებთან ურთიერთობა, რომელებიც უამრავ პირგასამტეხლოსა და ჯარიმის გადახდას აკისრებენ.
სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემას სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე მიექცეს სათანადო ყურადღება და დროულად დაინტერესდეს პროკურატურა „ამომღები კომპანიების“ საქმიანობით. გააკონტროლოს მათ მიერ განხორციელებული ზარები მომხმარებლებთან და შანტაჟის შემთხვევაში დროული რეაგირება მოახდინოს. საქმე ეხება მოქალაქეების კეთილდღეობას, რომლებსაც დახმარება ჭირდებათ როგორც შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდანაც.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ორგანიზაციის „ფეისბუქ“ გვერდზე შემოდის უამრავი წერილი დაზარალებული მომხმარებლებისგან, რომლებიც თავიანთ ისტორიებს ყვებიან და დახმარებას გვთხოვენ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მომხმარებელს, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს ე.წ. „ამომღები კომპანიების“ მხრიდან, თუ მათ აქვთ რაიმე სახის მასალა - სატელეფონო ან ვიდეო ჩანაწერი, ასევე ტექსტური შეტყობინება, სადაც მუქარისა და შანტაჟის შემცველი მონაკვეთებია დაფიქსირებული, მოგვაწოდონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: finansitebi@gmail.com ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან ამ დოკუმენტაციას შესაბამის ორგანოებს გადავცემთ.