ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას პოლიტიკა საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას არ წამოადგენს.
"ვფიქრობ, რომ ბარაკ ობამას პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე სერიოზულ პრობლემას არ წამოადგენს და ამ ეტაპზე რაიმე საგანგაშო ვითარება არ არის. თუმცა ფაქტი შემდეგია - დღევანდელი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რუსეთი მზადა არ არის დათმობაზე წავიდეს. ჩვენ თუ საკითხს მივუდგებით პრინციპულად და რუსეთისგან ჩვენ და აშშ ქვეყნის დეოკუპაციას მოითხოვს, ამ ეტაპზე ეს მიზანი მიუღწევადია. ამ პირობებში კი შეიძლება ჩვენი კონფლიქტის მოგვარებას ფასი კიდევ უფრო გაუზარდონ. ამიტომ ამერიკის ჯიჯღინი, რომ დეოკუპაცია მოხდეს შეუსრულებადი და ვფიქრობ, რომ უფრო მეტად წამგებიანი იქნება ვიდრე მომგებიანი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, აშშ-ს პოლიტიკა, რომ რუსეთთან საერთო ენა გამონახოს, სიტუაცია დაალაგოს, გახდნენ პარტნიორები და ამის შემდეგ მშვიდობიანი კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში შეძლოს საკუთარი და საქართველოს ინტერესების ლობირება უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ის, რომ აშშ-მ რუსეთის კრიტიკა დაიწყოს.
"თუ ჩვენ გვინდა, რომ შედეგი გვქონდეს უნდა შევეგუოთ იმას, რომ პრობლემების მიმართ კონსტრუქციული მიდგომაა საჭირო. ობამას დაახლოებით ერთი წელი, წელიწად ნახევარი აქვს იმისთვის, რომ მშვიდობიანი, დიპლომატიური გზებით არსებული პრობლემები მოაგვაროს, მათ შორის ირანთან, ახლო აღმოსავლეთში და რუსეთთან. თუ ამას ვერ შესძლებს აშშ-ს პრეზიდენტი იძულებული იქნება შეერთებული შტატების ჩვეულ პოლიტიკას დაუბრუნდეს", - განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე შეფასებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, აშშ-ს პრეზიდენტმა ისეთი პოლიტიკა შეარჩია, რომ კონსტრუქციული დიალოგით უფრო იაფად გამოვიდეს და პრობლემები მოაგვაროს და თუ ობამა ამას ვერ შესძლებს, სავარაუდოდ იგი უფრო მკაცრ ზომებს მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოკავშირეების, მათ შორის საქართველოს მიტოვებაში ადანაშაულებს.