გერმანიის კონსერვატიული ბლოკის, „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.
“ვაშინგტონიდან ჩარევა არანაკლებ მკვეთრი, დრამატული და, საბოლოო ჯამში, არანაკლებ თავხედური იყო, ვიდრე ჩარევა, რომელიც მოსკოვიდან ვიხილეთ“, – განაცხადა მერცმა .გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სადაც ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ დებატები გაიმართა.
მერცის თქმით, მისთვის პრიორიტეტი ევროპის გაძლიერებაა
„მე მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს ბევრ პრემიერ-მინისტრთან და ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურებთან და ჩემთვის პრიორიტეტია ევროპის რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერება, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ დამოუკიდებლობას აშშ-ისგან. არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე მომიწევდა მსგავსი რამის თქმა ტელევიზიით, მაგრამ გასულ კვირას დონალდ ტრამპის უკანასკნელი განცხადებების შემდეგ ნათელია, რომ ამერიკელებს, ყოველ შემთხვევაში ამ ამერიკელებს, ამ ადმინისტრაციას ძირითადად არ აინტერესებთ ევროპის ბედი“, – თქვა მერცმა.
მერცის განცხადებით, ახალი ფედერალური მთავრობის შექმნას აღდგომამდე გეგმავს.
„აღდგომამდე სულ რაღაც რვა კვირა რჩება და ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი დრო იქნება გერმანიაში მთავრობის ფორმირებისთვის“, - განაცხადა მერცმა.
ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს 29 პროცენტით. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 19.5 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16 პროცენტი აქვს.