თბილისის სააპელაციო სასამართლომ "ენგურჰესის" ეფექტურ მართვასთან დაკავშირებით კომპანია "ინტერ რაოსა" და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საჯაროობასთან დაკავშირებით გაზეთ "რეზონანსისა" და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში დღეს გამოცხადდა.
სააპელაციო სასამართლოში წინა სხდომაზე მხარეების არგუმენტები მოისმინეს და ასევე მტკიცებულებების გამოკვლევა შედგა.
საბოლოოდ, სასამართლომ გადაწყვიტა ძალაში დაეტოვებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული მემორანდუმის საიდუმლოდ დატოვებას ეხება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი დღევანდელი გადაწყვეტილება, სამარცხვინო გადაწყვეტილებაა და იგი აუცილებლად შეიტანს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარს. შედეგის ვერმიღწევის შემთხვევაში კი, საქმე სტრასბურგში გადაინაცვლებს.
"ენგურჰესის" ეფექტურ მართვასთან დაკავშირებით მემორანდუმი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია "ინტერ რაოს" შორის 2008 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა. მოგვიანები "ინტერ რაოს" მოთხოვნით მას ენერგეტიკის სამინისტრომ საიდუმლო დოკუმენტის სტატუსი მიანიჭა. გაზეთი "რეზონანსი" კი, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საკითხი საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს, ითხოვდა დოკუმენტი ნაწილობრივ მაინც ყოფილიყო საჯარო და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.