ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, ევროპარლამენტის მოხსენებაში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის "ოკუპირებულ ტერიტორიებად" მოხსენებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
"თვითონ ის ფაქტი, რომ ამ დონეზე პირველად საქართველოს ტერიტორიებს "ოკუპირებულის" სტატუსი მიენიჭა გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. თუმცა რეალური შედეგები ამას არ მოჰყვება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ადგება და მორჩილად დეოკუპაციას მოახდენს. ოკუპაცია გაგრძელდება, მაგრამ ეს უკვე ერთი ნაბიჯი რუსეთის იზოლაციისკენ გადადგმული", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სოსო ცინცაძემ.
მისივე შეფასებით, დასავლეთში საქმიან წრეებს, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდათ რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა და მისი განაწყენება, რადგან გაზპრომისგან, როსნევთისგან თანამშრომლობით ძალიან დიდი მოგება აქვთ იგივე გერმანის, ავსტრიის ხელმძღვანელობას, ტერმინი "ოკუპაციის" დამკვიდრებით მათ ურთიერთობაში ბზარი შედის.
"დასავლეთის ფინანსურ წრეებში, რომლებიც მხოლოდ მოგებაზე არიან ორიენტირებულები და რა ხდება და რას აკეთებს რუსეთი არ აინტერესებთ. აღნიშნული გადაწყვეტილებით კი ეს რეალობა თანდათანობით იცვლება, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ყალბ ილუზიების ტყვეობაში არ უნდა მოვექცეთ, რომ როგორც კი რეზოლუციას მიიღებენ რუსეთი საერთაშორისო ვალდებულების შეასრულებს და ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონიდან თვის ჯარს გაიყვანს. არა, რუსეთი არავითარ დათმობაზე არ წავა, მაგრამ ხანგრძლივ პოლიტიკურ პროცესში რუსეთი დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება", - აღნიშნა ცინცაძემ.
ექსპერტის შეფასებით, მას შემდეგ, რაც დასავლეთში იმ ფინანსური წრეების გავლენა მოიხსნება, რომლებიც თანახმა არიან, რომ რუსეთთან ნებისმიერ ფასად ჰქონდეთ ეკონომიკურ თანამშრომლობა, ვითარება ცალსახად შეიცვლება.
"ეს ხანგძლივი პროცესია და ორ-სამ დღეში არ მოხდება. მაგრამ ის ტენდენცია, თითქოს დასავლეთმა ტერმინი - "ოკუპაცია" უკვე დაივიწყა, რასაც ჩვენი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსებიც ამტკიცებდნენ, იგივე ნოღაიდელის გუნდი, ამის შემდეგ ასეთ დონეზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებულად აღირება მათთვის ცივი შხაპი იქნება, ისევე, როგორც ეს კრემლისთვისაც ძალიან უსიამოვნო ფაქტია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 20 მაისს, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში იმსჯელებენ, სადაც სამხრეთ-კავკასიის შესახებ მოხსენებაში, რომელშიც საქართველოში არსებულ ვითარებაზე დეტალურადაა საუბარი, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი პირველად იქნება მოხსენიებული, როგორც "ოკუპირებული ტერიტორიები".