უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბლოკ იულია ტიმოშენკოს თავმჯდომარე იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ ამიერიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ბიზნეს დავები სასამართლოს ნაცვლად იანუკოვიჩის კაბინეტში გადაწყდება.
განცხადება ამის შესახებ იულია ტიმოშენკომ "ლევი ბერეგთან" საუბარში გააკეთა უმაღლესი რადის მიერ მიღებული კანონის კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის, პარლამენტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება მხოლოდ უკრაინის უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება, თანაც სპეციალურად ფორმულირებული კოლეგიით.
"ვფიქრობ, ეს უკრაინაში მართლმსაჯულების სისტემის დასასრულია. ის, რომ ქვეყანაში გვაქვს სასამართლო შეგვიძლია დავივიწყოთ, ამ კანონით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რომლის შემადგენლობის 2/3 იანუკოვიჩის ხალხია ენიჭება უფლება სწრაფად და ყოველგვარი ხმაურის გარეშე "დასაჯონ" ნებისმიერი მათთვის მიუღებელი მოსამართლე.
სავარაუდოდ უახლოეს მომავალში, ყველა დონის ათობით მოსამართლე სამაგალითოდ იქნებიან გათავისუფლებული თანამდებობებიდან სხვათა დასაშინებლად", _ აცხადებს ტიმოშენკო და დასძენს "სიმართლე თუ გინდათ, მეშინია, პოლიტიკაში მოსვლის დღიდან პირველად მეშინია".