აშშ-შ ყოფილი ელჩი უკრაინაში, ამჟამად კი ვაშინგტონში ამერიკული მშვიდობის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი უილიამ ტეილორი აცხადებს, რომ ვაშინგტონში ყურადღებით ადევნებენ თვალს იმას, რომ მოსკოვსა და კიევს შორის მიღწეულმა ორმხრივმა შეთანხმებებმა და ურთიერთობებმა უკრაინის სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენება არ გამოიწვიოს. ეს განცხადება ტეილორმა "ამერიკის ხმასთან" საუბარში გააკეთა, დიმიტრი მედვედევის უკრაინაში ვიზიტის შედეგების კომენტირებისას.
ამავე დროს ტეილორმა კმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობები უმჯობესდება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ "უკრაინის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია".
"რაც შეეხება გაზზე ფასებს, სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს უკრაინის სუვერენიტეტს ემუქრება. ხოლო რაც შეეხება უკრაინული "ნავტოგაზისა" და რუსული "გაზპრომის" შერწყმის შესაძლებლობას ეს კი უკვე სერიოზული შეშფოთების საგნად შეიძლება იქცეს", _ აცხადებს ტეილორი.
უილიამ ტეილორი ასევე აცხადებს, რომ უკრაინის სუვერენიტეტისათვის ასევე სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა სიტუაცია ქერჩის ყურესთან დაკავშირებით.
"საზღვრები საბჭოთა კავშირის დროს იქნა დადგენილი და ვერავითარ საფუძველს ვერ ვხედავ მათი შეცვლისა. იმ შემთხვევაში თუკი ისინი შეიცვლება, ეს იქნება უკრაინის ტერიტორიული ხელშეუხებლობისა და სუვერენიტეტის ხელყოფა", _ აცხადებს უილიამ ტეილორი და აღნიშნავს, რომ არის რიგი სიტუაციებისა სადაც უკრაინას მსხვერპლად მოაქვს თავისი სუვერენიტეტი და ეს იქნება სერიოზული შეშფოთების საგანი საგარეო დამკვირვებლებისათვის, მათ შორის აშშ-სათვის.
"ჩვენ არ გვაღელვებს გაზზე ფასები, ვინაიდან ეს უკრაინის სუვერენიტეტს არ ეხება. მაგრამ ბირთვული ინსტრუქციების შერწყმა, საგაზო ინდუსტრიების შერწყმა და ერთი სახელმწიფოს დომინირება მეორეზე _ ეს ჩემის აზრით უკრაინის სუვერენიტეტს ემუქრება და აშშ-სათვის სერიოზული შეშფოთების საგანი გახდება", _ აცხადებს ტეილორი.