ყაზახეთსა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის პაატა კალანდაძის განცხადებით, ყირგიზეთის ქალაქ ჯალალ-აბადში მომხდარი არეულობის შედეგად 64 კაცი დაიჭრა.
"ბოლო ინფორმაციით, რომელიც ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბიდან მივიღეთ, ამ დროისთვის 64 კაცია დაჭრილი, აქედან გარდაცვლილია მხოლოდ ერთი, ხოლო რეანიმაციაში ექვსი ადამიანია გადაყვანილი, რომელთა მდგომარეობა ძალიან მძიმეა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კალანდაძემ.
მისი ინფორმაციით, 64 დაჭრილიდან ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა 32 ადამიანს აქვს მიყენებული.
"ბოლო ინფორმაციით, ჯალალ-აბადში დაპირისპირება და შეტაკებები კიდევ გრძელდება", - აღნიშნა საქართველოს ელჩმა.