თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე მისვლას საჭიროდ არ მიიჩნევს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იგი საბჭოს სხდომაზე დაბარებული იყო, სადაც სავარაუდოდ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს განიხილავენ.
"დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაა დანიშნული. არ ვიცი რა საკითხებს განიხილავენ. მეც შემატყობინეს და მითხრეს რომ სხდომაა, თუმცა არ ჩავთვალე საჭიროდ სხდომაზე მისვლა. შეფასებებს აპირებენ ჩემი განცხადებების. მე ვფიქრობ, რომ ჩემს განცხადებებზე მნიშვნელოვანი პრობლემატიკა არსებობს სასამართლო სისტემაში და სჯობს ამ საკითხებზე იმსჯელონ. ის, რომ ჩემს განცხადებებს განიხილავენ, ჩემთვის ცნობილი გახდა, როდესაც ტელეფონით შემატყობინეს", -განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მან ასევე გააკრიტიკა იუსტიციის მინისტრი და განაცხადა, რომ თეა წულუკიანი კანონპროექტებს განწყობის მიხედვით იღებს.
,,ნამდვილად არავის აღარ ეშინია არანაირი განცხადების. მე ერთი რამის მეშინია, რომ ამ გაბრაზებულზე ქალბატონმა თეამ რაიმე კანონპროექტი არ მიიღოს. რამდენი ქალბატონი თეა გაბრაზდა, იმდენი ახალი კანონპროექტი მიიღო და ბევრი პრობლემატიკის სათავეც ალბათ აქ არის. ამ გაბრაზებულზე ნამდვილად მეშინია იმის, რომ რაიმე კანონპროექტი არ მიიღოს, რომ მოსამართლეები ვინმეს პირდაპირ არ დაგვიქვემდებაროს და ეს სისტემა სადმე სხვა უწყებას არ დაუქვემდებაროს," - აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დღესვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს მიმართა.
"მე კითხვა მაქვს არამოსამართლე წევრებთან, რომ ის, რითაც დაასაბუთეს მოსამართლის დანიშვნა, ამით შეიძლება მოსამართლე დაინიშნოს? ჩემი აზრით არ შეიძლება და შეცდომა ზუსტად ეს არის," - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.