23 დეკემბერს, 13.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ეროვნული ბიბლიოთეკისა და იუნუს ემრეს სახელობის თბილისის თურქული კულტურის ცენტრის ორგანიზატორობით 19-ე საუკუნის ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის ნაწარმოების „ბაში-აჩუკი“ ქართულიდან თურქულად თარგმნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. ნაწარმოები თარგმნეს თურქოლოგებმა , მერი წიკლაურმა და ასმათ ჯაფარიძემ, ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალისტმა გულ მუქერრემ ოზთურქმა. მერი წიკლაური და ასმათ ჯაფარიძე წლებია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის კათედრაზე მუშაობენ და არაერთი თაობა აღზარდეს. გულ მუქერრემ ოზთურქი თურქეთის მოქალაქეა, ქართული ლიტერატურის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები გავლილი აქვს კავკასიის უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2015 წელს კი დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის სპეციალობის სადოქტორო პროგრამა.
„ბაში-აჩუკი“ თურქულ ენაზე 2014 წელს დაიბეჭდა. მთარგმნელები დასაბეჭდად ამზადებენ იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებს „იავნანამ რა ჰქმნა?“.