დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ, დაადასტურა, რომ ქვეყანა მონაწილეობდა საფრანგეთის საზღვაო ძალების მიერ ხმელთაშუა ზღვაში რუსული ტანკერის ჩაჭრის ოპერაციაში. ამის შესახებ Sky News იუწყება.
ჰილის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა მხარდაჭერა გაუწია საფრანგეთს სანქცირებული რუსული ტანკერის დაკავების ოპერაციას დევნისა და მონიტორინგის სახით.
მან აღნიშნა, რომ ამაში ჩართული იყო მაღალსიჩქარიანი საპატრულო კატარღა HMS Dagger, რომელიც აკვირდებოდა გემს გიბრალტარის სრუტეში გავლისას.
„ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ვაძლიერებთ ჩვენს ქმედებებს ჩრდილოვანი ფლოტის გემების წინააღმდეგ, რათა შევწყვიტოთ დაფინანსება, რომელიც ხელს უწყობს პუტინის უკანონო შეჭრას უკრაინაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
რუსული ტანკერი დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშაა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის საზღვაო ძალებმა რუსული ნავთობტანკერი დააკავა.