წინასაარჩევნოდ შექმნილი სამთავრობო ჯგუფის წევრი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ წინასაარჩევნოდ გავრცელებულ ჭორებს არ აჰყვნენ.
"არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოგვაწოდეს რამდენიმე საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ რეგიონებში ვრცელდება ჭორი, თითქოს მმართველი პარტიის მხარდაჭერის სანაცვლოდ შესაძლებელია მსჯავრდებულთა განთავისუფლება ან სასჯელის შემსუბუქება. სრული პასუხისმგებლობით ყველა სამართალდამცავი და პენიტენციალური სტრუქტურის სახელით ვაცხადებ, რომ მსგავსი პრეცედენტი არ იქნება დაშვებული", - განაცხადა ზღულაძემ კანცელარიაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, მსგავსი ჭორები წინა არჩევნებზედაც იყო და არჩევნების მერე მის უსაფუძვლობაში ყველა დარწმუნდა.
"მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, იქნება ეს თქვენი პირადი ინიციატივა თუ დაპირება, რომელსაც ვინმე მოგცემთ, ილუზიას ნუ შეიქმნით, არავითარი ამნისტია, შეწყალება, ვადამდე გათავისუფლება პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის სანაცვლოდ არ განხორციელება", - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ თვითმართველობის არჩევნები 30 მაისს გაიმართება.