საქართველო დიდი ხანია ფასების კონტროლოსგან გათავისუფლებულია და თუ ეს კანონი ძალაში შევა, აუცილებელი გახდება ფასების სახელმწიფო კომიტეტის შექმნა, როგორც ეს კომუნისტების ეპოქაში იყო, - განაცხადა ეკონომისტმა რომან გოცორიძემ გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" ანტიდემპინგური კანონის შემოღებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამ კანონს დღის სინათლე არ ეღირსება.
"ეს არის იმპორტირებული საქონლის ფასის ზრდა იმის გამო, რომ ჩვენი უხარისხო, ჩაწოლილი საქონელი გაიყიდოს. ისევე, როგორც ეროვნული ბანკის ზედამხედველობის კანონი დიდი ალბათობით, არ იქნებოდა გატანილი და ერთი წელი აწვალეს, გვანერვიულეს, არასდროს ამ კანონს დღის სინათლე არ ეღირსება, გამოცდილებიდან გამომდნარე ამის გარანტიას გაძლევთ. იმიტომ, რომ არის რაღაცები, რომელიც აბსურდს სცილდება. დიდ ხანია გავთავისუფლდით ფასების კონტროლისაგან. ამ კანონის ძალაში შესვლა, კი იმას ნიშნავს, რომ უნდა შეიქმნას, როგორც კომუნისტების ეპოქაში იყო, ფასების სახელმწიფო კომიტეტი, ანუ უნდა შეიქმნას ფასების სახელმწიფო ინსპექცია და ყველა შემოტანილ საქონელზე ადგინონ ადეკვატური ფასი. ეს კანონი თუ მიიღეს, ყველა რეიტინგი წამოვა ქვემოთ და დაგვცინებენ. საბანკო ზედამხედველობის რეგულაციის დროს გვეკამათებოდნენ, ამაზე კი აუცილებლად დაგვცინებენ. რა დროს ფასების კონტროლია, როდესაც ქვეყანაში საჭიროა გახსნან ცოცხალი საბაზრო ძალები და ქართველი მეწარმე მიუშვან, რომ შექმნას ეროვნული პროდუქცია, რომელიც უცხოურს კონკურენციას გაუწევს და მას ადგილობრივი ჩაანაცვლებს", - აღნიშნავს რომან გოცირიძე.