ევროკავშირი საქართველოში კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობისათვის 2 მილიონ ევროს გამოყოფს. პროექტის ბენეფიციარები საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ები „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ და „აღსრულების ეროვნული ბიურო“ არიან. ორწლიანი პროგრამის ბიუჯეტი 2.000.000 ლარია და მას ახორციელებს „GIZ“-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაცია 2 დეკემბერს სასტუმრო „რადისონში“ გაიმართება და მას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დაესწრება. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმებიან ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე, გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატარინა დერკორნი, „GIZ“-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი მარია შეფერი.
პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრსა და აღსრულების ბიუროს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირის სამართალთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოების კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
დღემდე იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირთან, ძირითადად, სისხლის სამართლის სფეროს რეფორმის კუთხით თანამშრომლობდა; ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი თანამშრომლობის სფერო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის რეფორმებსაც მოიცავს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სიცხადისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს. ცვლილებები განხორციელდება სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის ისეთ სფეროებში, როგორიცაა კონკურენციის, გადახდისუუნარობის, სააღსრულებო, საკორპორაციო, შრომისა და საკუთრების სამართალი, აგრეთვე − ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.