გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, უფლება არა გვაქვს საერთაშორისო პოლიტიკა სწორხაზოვნად ვაწარმოოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიომ უნდა შეძლოს ამ კონფლიქტის დასაწყისშივე მოგვარება, თორემ მას ცუდიშედეგი ექნება არა მარტო ჩვენი რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც.
,,ყველანი ვხედავთ, რომ სამხრეთ-აღმოსავლური პოლიტიკა ბევრად უფრო ანგარიშგასაწევი ხდება, ვიდრე ამას ველოდით. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, უფლება არა გვაქვს საერთაშორისო პოლიტიკა სწორხაზოვნად ვაწარმოოთ. ჩვენ მივისწრაფით ევროპული ოჯახისკენ, გვსურს გავხდეთ ნატო-ს წევრი ქვეყანა და მე მჯერა, რომ ეს მიღწევადია, მაგრამ ამისთვის გვჭირდება არა მარტო ადამიანის უფლებების დაცვა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ, ძლიერი და ფრთხილი საგარეო პოლიტიკის წარმოება.
დღეს საქართველო ხდება მსოფლიო პოლიტიკის გზაჯვარედინი. მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა ჩვენი ქვეყნის როლი და ფუნქცია გამოკვეთა და ალბათ, კიდევ უფრო მკვეთრი გახდება მომავალში. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული სახელმწიფო კავკასიაში, სადაც ყველა მეზობელი ქვეყნების და რეგიონების პოლიტიკა მაქსიმალურად იქნება დაბალანსებული ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები კი უპირველეს ყოვლისა გადის იმ ფაქიზ გრძნობებზე, რასაც რელიგიური ურთიერთობები ჰქვია. ჩვენ ვიცით ერთმანეთის რწმენისადმი პატივისცემა და ყველამ ერთად ვიცით ამ მიწის სიყვარული. არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა და შენარჩუნება, რაც თავიდან ბოლომდე ჩვენს ხელშია.
მე იმედი მაქვს რომ თანამედროვე მსოფლიო შეძლებს ამ კონფლიქტის მოგვარებას, ჩვენ კი შევინარჩუნებთ შიდა პოლიტიკურ სტაბილურობას",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ