"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ტყუის, როცა საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის მიზეზად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს.
“ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის მთავარ არგუმენტად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნევა. ანუ, ის, რომ ოლქებში ამომრჩეველთა შორის არათანაბრობაა. ეს არის მტკნარი სიცრუე, რადგან საკონსტიტუცი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომ ოლქებს შორის განსხვავება ძირითადად 10% და გამონაკლის შემთხვევაში 15% უნდა იყოს. წარმოდგენილი კანონპრეოქტით, რომელიც დღეს იქნა ინიცირებული, განსხვავება 805-საც აჭარბებს“, - განაცხადა გოგორიშვილმა.
შეგახსენებთ, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტით, თბილისში, 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. ცვლილებებით, საქართველოს დანარჩენ რაიონებში, მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან პირიქით, გაყოფის გზით, 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.
ამას გარდა, პროექტით, 13 მუნიციპალიტეტის - საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტების საზღვრები თანხვედრაში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან იქნება.
პროექტის ავტორთა განმარტებით, ცესკო საარჩევნო ოლქის საზღვრებს დაადგენს და დააზუსტებს არა განკარგულებით, რომელიც ცესკოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, არამედ - დადგენილებით, რომელიც კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს წარმოადგენს.