არ შეიძლება, მდიდარ და ღარიბ მოქალაქეს სახელმწიფო აფინანსებდეს ერთნაირად, - აცხადებს ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე.
მისი თქმით, მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანების ჯგუფში სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება უნდა შემცირდეს და ეს თანხები უღარიბესი და დაბალი შემოსავლების მქონე კატეგორიის ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდაზე უნდა იყოს მიმართული.
”საქმე გვაქვს პოპულისტურ-სოციალისტურ მოდელთან, რომელიც სერგეენკომ და ივანიშვილმა შემოგვთავაზეს, რაც მდგომარეობს დევიზში - ყველას ყველაფერი, ოღონდ მცირე დოზით. ანუ ღარიბიც და მდიდარიც იღებს შედარებით იაფასიან სერვისს ერთნაირად „უფასოდ“, ხოლო იქ სადაც დანახარჯი დიდია, და ასეთი შემთხვევებია ზუსტად ქრონიკული დაავადებები, რომლის დიდ ნაწილსაც სახელმწიფო არ აფინანსებს, ზარალდება ყველა სეგმენტი. გასაგები მიზეზების გამო, ღარიბი და უღარიბესი სეგმენტი ყველაზე მეტად ზარალდება. საჭიროა მოხდეს დანახარჯების ოპტიმიზაცია. არ შეიძლება, მდიდარ და ღარიბ მოქალაქეს სახელმწიფო აფინანსებდეს ერთნაირად. ჩემი თვალსაზრისით, უფრო მიზანშეწონილია, დიფერენცირებული მიდგომა და სახელმწიფოს მიერ დიფერენცირებული ვალდებულებების აღება მოსახლეობის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისადმი, როგორებიცაა სოციალურად დაუცველები, ღარიბი და უღარიბესი სეგმენტები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამინები და სხვ. მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანების ჯგუფში სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება უნდა შემცირდეს და ეს თანხები უღარიბესი და დაბალი შემოსავლების მქონე კატეგორიის ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდაზე უნდა იყოს მიმართული”. წარმატებული ჯანდაცვის სისტემებისა და განვითარებული ქვეყნების მოდელებით, რომ ვიხელმძღვანელოთ, ზუსტად ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს აფინანსებს სახელმწიფო მთლიანად, რადგანაც მათ ჯანდაცვაზე დანახარჯი აქვთ მთელი ცხოვრება, და რაც არ უნდა სოლიდური შემოსავალი ქონდეს ადამიანს, ეს მუდმივი მკურნალობის ხარჯი მაინც დიდი ტვირთად აწვებათ ასეთ ადამიანებს. ჩვენთან კი რას ვხედავთ? ერთის მხრივ გვესმის პოპულისტური ლოზუნგები, რომ ჯანდაცვა უნივერსალურია და მეორე მხრივ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მისი მდგომარეობა უარესდება”, - აცხადებს ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში ჩიხლაძე.