საია-ს ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ მაღალი თანამდებობის პირებსაც უსმენდნენ. უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, მან ჟურნალისტებთან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთო კრების დაწყებამდე ისაუბრა.
"ვიცით დანამდვილებით, რომ მოსმენები ისვე გრძელდება. საზოგადოებისთვის ცნობილმა რამოდემინე პირმა გაბედა და გაასაჯაროვა ეს ფაქტი. ძალიან ბევრი პირი ან არ, ან ვერ საუბრობს. პირად საუბრებში არის აღნიშვნები, რომ მაღალი თანამდებობის პირებსაც კი უსმენენ. რათქმაუნდა მოუსმენენ ადამიანებს, რომლებსაც ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ. სანამ საზოგადოება იმით დაინტერესდება ვის ვისთან აქვს ახლო თუ შორეული კონტაქტები, ვიდრე იმით, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს უსმენს, ჩვენ მუდმივად ამ მდგომარეობაში ვიქნებით,"- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
საია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" 22-ე საერთო კრებას მართავს. კრებაზე საია-ს თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა მონაწილეებს გასული წლის ანგარიში წარუდგინა და მომდევნო წლის სტრატეგიასა და გეგმებზე ისაუბრა. დღესვე, გამგეობის შემადგენლობა 1/3-ით განახლდება.