ბათუმის საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდება. პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონში" გაიმართა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ საზოგადოებას, კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად, სტადიონის პროექტის დეტალები წარუდგინა. "ჩვენ მივეცით პირობა საზოგადოებას, რომ ქალაქს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი ექნებოდა და მოხარული ვარ, რომ დღეს ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯი იდგმება. ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთ დაინტერესებულ კომპანიასთან გვქონდა შეხვედრა, რომელთაც ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ. განვიხილეთ როგორც წინა კონკურსში მონაწილე, ასევე სრულიად ახალი კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროექტები, რომელთაგან საბოლოოდ BAHADIR KUL ARCHITECTS მიენიჭა უპირატესობა. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს მშენებლობის დაწყება და ის წარიმართოს საერთაშორისო სტანდარებით. კომპანიამ გაითვალისწინა ეს ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა და ჩვენი გათვლით აპრილის თვეში დაიწყება მშენებლობა და დაახლოებით 2016 წლის ბოლოსთვის სტადიონის საძირკველი უკვე დასრულებული იქნება. სტადიონი დაახლოებით 2018 წლის ბოლოს აშენდება. პროექტი, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით შეირჩა. ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი იყო კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება ამ მიმართულებით, პროექტის ღირებულება და ბუნებრივია ვიზუალური მხარე. კომპანიას 22 სტადიონი და 17 სპორტული ცენტრი აქვს დაპროექტებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, ყაზახეთში, კამერუნში და ა.შ სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და UEFA-ს სტანდარტებით აშენდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გარდა საფეხბურთო მატჩებისა, სტადიონზე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მასშტაბური კულტურული ღონისძიების ჩატარება, რაც ტურისტული ქალაქს ახალ დატვირთვას შეძენს. სტადიონის ტრიბუნების ქვედა სივრცეში კომერციული ობიექტები განთავსდება, რაც სამომავლოდ ტერიტორიას განავითარებს და საზოგადოებრივად აქტიურს გახდის“ - განაცხადა დავით ბალაძემ.
UEFA-ს სტანდარტების 20 000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება. სტადიონის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 12 984 000 მლნ ლარი, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და პირველი ეტაპის სამუშაოებს მოხმარდება. პროექტირების დასრულების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ელექტრონული ტენდერის საშუალებით გამოვლინდება. სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება. იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით რამდენიმე ტიპის დიზაინით განათდება. შენობა საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება. სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე 1000-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. სტადიონის პროექტის პრეზენტაციას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი,სპორტის სფეროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.