მსახიობ ირაკლი რამიშვილის წინასასამართლო სხდომაზე დავით ტურაშვილი 200 ლარით დააჯარიმეს, ადვოკატი ირმა ჭკადუა კი მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა.
ადვოკატის დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც მოსამართლეს ირმა ჭკადუამ შემდეგი ტექსტით მიმართა-"ცუდად იქცევით გვიყვირით ისე, რომ რამდენჯერმე კინაღამ მანტიიდან ამოხტით. თუ მკურნალობა გჭირდებათ იმკურნალეთ."
ჭკადუას მიერ დარბაზის დატოვების შემდეგ, მოსამართლე მრელაშვილის აცილებაზე შუამდგომლობა ბრალდებულის კიდევ ერთმა ადვოკატმა, მალხაზ ჯანგირაშვილმა დააყენა. მან ასევე მოითხოვა ირაკლი რამიშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა. მოსამართლემ თვითაცილებაზე უარი განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე კი გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გამოუცხადებია.
სასამართლო სხდომაზე იმყოფებიან საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, რომლებიც მზად არიან თავდებში დაუდგნენ ირაკლი რამიშვილს, თუ მას მოსამართლე გაათავისუფლებს.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი 11 ოქტომბერს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მსახიობს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს.