მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე აღნიშნულ პოსტზე გიორგი ბადაშვილის კანდიდატურის არწარდგენას „პროკურატურის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს უკავშირებს.
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ სხდომაზე, ირაკლი ჩიქოვანმა შოთაძეს კითხვით მიმართა - გიორგი ბადაშვილმა აღნიშნულ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა რატომ არ წარადგინა.
„კანონით განსაზღვრული იქნა შესაბამისი კრიტერიუმები, რასაც მთავარი პროკურორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. ბადაშვილს პროკურატურაში მუშაობის ხუთწლიანი სტაჟი არ აქვს. ის ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა“, - განაცხადა შოთაძემ.