შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირობას დებს, რომ ახლო მომავალში მედიკამენტებზე განვადების საჭიროება არ იქნება. აღნიშნულ საკითხზე პასუხისას მინისრმა განაცხადა, რომ მან არ იცის ვის დაებადა და საიდან დაებადა აზრი მედიკამენტების განვადებით გაცემაზე.
"რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად ნებისმიერი საშუალება მისაღებია. თუმცა, შემიძლია ვუთხრა ჩვენ მოსახლეობას, რომ ამის საჭიროება ალბათ არ იქნება, იმიტომ რომ როგორც ადრე იყო, პენსიების ხარჯზე სესხის აღებამ ძალიან დიდი ტვირთი დააკისრა ჩვენს პენსიონერებს. შესაბამისად, ვეცდებით მოსახლეობას მდგომარეობა შევუმსუბუქოთ, რომ არ დასჭირდეთ განვადება პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის ფარგლებში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმები არის პოზიტიური.
"რჩება ერთი მთავარი გამოწვევა, რომ უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ამბულატორიულ მედიკამენტებზე, ანუ მედიკამენტებზე, რომლებსაც ისინი ბინაზე ღებულობენ, საავადმყოფოში მისაღებ მედიკამენტებს კი სახელმწიფო უფინანსებს. ეს გამოწვევა რჩება. მე არა ერთხელ განმიცხადებია, რომ გვაქვს სამოქმედო გეგმა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ფაქტობრივად ბოლო დღეების ტესტირებას გავდივართ ამაზე და ალბათ შეგვეძლება მომავალი თვის განმავლობაში უკვე ეს პროექტი დავიწყოთ. ვგულისხმობ მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდას", - განაცხადა სერგეენკომ.