28 ნოემბერს , ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ზუგდიდის თეატრს უმასპინძლებს.
მოზარდმაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე 28 ნოემბერს 16:00 საათზე წარმოდგენილი იქნება ნიკოლოზ საბაშვილის მიერ დადგმული თოჯინური სპექტაკლი „ შვლის ნუკრის ნაამბობი“( ვაჟა-ფშაველას მოთხრობის ამავე სახელწოდების მიხედვით).
შეფასება თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის რეცენზიიდან „ნიკა საბაშვილის სპექტაკლი გვახსენებს ბავშვობაში საზეპიროებად ნასწავლ ვაჟა-ფშაველას რამდენიმე მოთხრობას, რომელსაც უფროსი თაობა დაშორდა არა მხოლოდ დროის ფაქტორით, არამედ თავისი ცხოვრების წესით. ეს სპექტაკლი სწორედ მომავალი თაობის მაყურებლისთვის არის გათვლილი და განკუთვნილი, რომელიც იოლად ზემოქმედებს მოზარდზე, რადგან მათ მეხსიერებაში მკვეთრად ილექება გაცოცხლებული, სანახობრივი სიტუაციები და მაყურებელს ქმედით ნაბიჯებსაც კი ადგმევინებს, ისე როგორც, სპექტაკლის დასრულებისას პატარა მაყურებელმა, რომელიც თეატრში ბაბუამ მიიყვანა ათქმევინა: სახლში, რომ მივალ მამას თოფი უნდა დავუმალო, რომ აღარ ინადიროსო. ამ სპექტაკლის მიზანიც სწორედ ადამიანების გამოფხიზლება, ჰუმანურობის გაღვიძება, სიკეთის ქმედების მოტივაციის ამაღლება, ერთმანეთის დანდობა და ყოველივე სულიერისადმი სიყვარულია“.
ამავე დღეს, 19:00 საათზე , დიდი სცენა დაეთმობა გეგა ქურციკიძის მიერ დადგმულ სპექტაკლს „ დაბრუნება“ ( ნოდარ დუმბაძის რომანის „ მარადისობის კანონი“, მოთხრობების „ სისხლი“ და „ძაღლის“ მიხედვით).
სპექტაკლის შესახებ: სპექტაკლში მეოცე საუკუნის ომის წლებია ასახული.ერთ ჩვეულებრივ,მხიარული გურული სოფლის მცხოვრებლებს , გაუსაძლისი სიდუხჭირე და შიში აფორიაქებთ . მამები ფრონტზე იბრძვიან, ქალებს და მოხუცებს სარჩო-საბადებელზე ზრუნვასთან ერთად ბავშვების აღზრდა აბარიათ. 10 წლის შვილიშვილ -ნოდარს ბაბუა ქიშვარდი ხშირად უმეორებს :“უნდა მიეჩვიო აწი ფიქრს ,ბაბუა ,დროა!“. სპექტაკლში განსაკუთრებით ემოციურია ბაბუას სიცოცხლესთან გამოთხოვების სცენა.აგონიაში მყოფს წამიერად ომში წასული ვაჟის სახე მოელანდება .აცახცახებული ბაგეებით შესძახებს შვილიშვილს:“მოემზადე ბაბუ და არ შეშინდე.მამაშენს შეუნახე სახლი და სახელი.ის უეჭველად დაბრუნდება“.