"თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი კვლევებსა და რეიტინგებში იმარჯვებს, ჩვენ კი არჩევნებში გავიმარჯვებთ",- ასე ეხმაურება "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ამერიკის ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც მერობის "ალიანსის" კანდიდატ ირაკლი ალასანიას მოსახლეობის მხოლოდ 7 % უჭერს მხარს.
"საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ზოგიერთი ადგილობრივი ორგანიზაციის კვლევების ობიექტურობის თაობაზე ჩვენ ჩვენი აზრი არაერთხელ გამოგვითქვამს, რომელიც ძალიან ბევრი კითხვისნიშნით იყო გაჯერებული. მე ვიცი ერთი რამ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ეს მრავალმა კვლევამ დაადასტურა (დაახლოებით 65 %) საერთოდ უარს ამბობს გაამჟღავნოს თავისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უჭერს მხარს. რაც შეეხება (NDI)-ის კვლევის შედეგებს და ციფრებს, ვიტყვი, რომ ზოგიერთები იმარჯვებენ რეიტინგებში, ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნებში. შემიძლია რეიტინგებში გამარჯვება მივულოცო ამა თუ იმ სუბიექტსა და კანდიდატს, მაგრამ ისინი გახდებიან იძულებულნი ჩვენ არჩევნებში გამარჯვება მოგვილოცონ",- განუცხადა კაციტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე შეფასებით, წინასაარჩევნოდ მსგავსი კვლევების ჩატარება ხელისუფლების მიერ მოსახლეობაში სასურველი განწყობის შექმნას ემსახურება, თუმცა, კაციტაძე მიიჩნევს, რომ განწყობები ასეთი კვლევებით არ იქმნება.
"განწყობები იქმნება იმ კვლევებით, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვატარებთ ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ეს არის განწყობის რეალური მსაზღვრელი და არა ის, რომ ვიღაცამ სადღაც რაღაც ციფრები დაწერა",- განმარტავს კაციტაძე.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 57 % თბილისის მერად მმართველი გუნდის კანდიდატის - გიგი უგულავას გახდომას უჭერს მხარს. მეორე ადგილზეა 7 %-ით "ალიანსის" მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია, მესამეზე "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძე, შემდეგი პოზიცია კი "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატ გია ჭანტურიას უჭირავს. "ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური პირველ ხუთეულში საერთოდ ვერ მოხვდა.