"ხალხის პარტიის" ლიდერის და "ეროვნული საბჭოს" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის კობა დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლება "კონსერვატორი" ზვიად ძიძიგურის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს და 26 მაისამდე მის დაკავებას აპირებს. ამის შესახებ დავითაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
დავითაშვილის განცხადებით, ზვიად ძიძიგურის რამდენიმე მეზობელმა მას პირად საუბრებში განუცხადა, რომ ხელისუფლება მათზე ზეწოლას ახდნს, რათა ძიძიგურის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინონ. დავითაშვილს მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხსენებული მეზობლების სახელები და გვარები არ დაუსახელებია.
"3-4 ადამიანზე პოლიცია ახორციელებს ზეწოლას, რათა მათ მისცენ ძიძიგურის საწინააღმდეგო ჩვენება, თითქოს გარშემო მყოფები მოუწოდებდნენ ძიძიგურს, არ ესროლა, თითქოს ძიძიგური დამიზნებით ისროდა. ეს მკვლელობის მცდელობა გამოდის - ასეთი შინაარსის ჩვენების მიცემას აიძულებენ მეზობლებს,"- განაცხადა კობა დავითაშვილმა.
დავითაშვილმა 26 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიტინგი ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება.
"მოვუწოდებ საზოგადოებას, არ დავუშვათ ახალი პოლიტიკური პატიმრის გაჩენა. 26 მაისის აქცია მაინც შედგება და ვერანაირი დევნის მცდელობა პროტესტს ვერ შეაჩერებს", -განაცხადა კობა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 7 მაისს "ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატის საცხოვრებელ სახლთან ინციდენტი მოხდა. მმართველი გუნდის აქტივისტების მტკიცებით, ისინი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების პლაკატებს აკრავდნენ, როცა მათთან ზვიად ძიძიგური მივიდა, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით კი მათი მიმართულებით 4-ჯერ გაისროლა. თავად ძიძიგურის მტკიცებით კი, მას თავს 50-მდე კაცი დაესხა და ჰაერში სიტუაციის განმუხტვის მიზნით გაისროლა.
პროკურატურა საქმეს ხულიგნობის ბრალდებით იძიებს. "ეროვნული საბჭოს" თბილისის მერობის კანდიდატ ზვიად ძიძიგურს ხულიგნობის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.