სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრი კახა კახიშვილი პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას მიმართავს, ქალ მსჯავრდებულთა საკითხები უფრო სიღრმისეულად განიხილონ.
კახიშვილმა ჟურნალისტებთან სამინისტროში დაგეგმილ პროექტზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, წლის ბოლომდე უნდა გახსნილიყო თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, საიდანაც დაბალი რისკის მქონე ქალ პატიმრებს უქმე დღეებში სახლში წასვლის უფლება ექნებათ.
უწყების ახალი ხელმძღვანელის განმარტებით, პროექტის განხორციელება 13 ივნისის სტიქიამ შეაყოვნა, რადგან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის კუთხით, თანხების მიმართვამ ფინანსური პრობლემები გააჩინა.
„ამის მიუხედავად, მე და ბატონმა გიორგიმ ვისაუბრეთ და ჩვენ ახლა ყველა თანხის მობილიზაციას მოვახდენთ იმ კუთხით, რათა საძირკველი მაინც ჩავუყაროთ და რამდენიმე თვეში მაინც შევძლოთ გახსნა, რადგან ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ქალებისთვის. სხვათა შორის, მინდა, მივმართო შეწყალების კომისიას, საქართველოს პრეზიდენტს, რომ არ იქნება ცუდი, თუ უფრო სიღრმისეულად იქნება განხილული ქალ მსჯავრდებულთა საკითხები შეწყალების კომისიის მიერ“, - განაცხადა მინისტრმა.