დღეს, 30 აპრილს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის წარმომადგენლები შვეიცარიიდან დაბრუნდებიან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის წარმომადგენლები შვეიცარიაში 27 აპრილს გაემგზავრნენ, სადაც ციფრულ არქივაციასთან დაკავშირებით ჟენევის მე-8 ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
კონფერენცია ჟენევაში, შვეიცარიის ფედერალურ არქივში, 28-30 აპრილს გაიმართა. მხარეებმა საარქივო საქმისა და ციფრული ეპოქის ურთიერთქმედებას, საზოგადოებრივი ჩანაწერების არქივაციასა და ინფორმაციის გადაცემის საშუალებებს, ელექტრონულ არქივაციას და ონლაინხელმისაწვდომობას განიხილეს.
ღონისძიებაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 150 წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველოს ეროვნული არქივი კონფერენციაზე თემით - "გამოწვევები საქართველოს ეროვნული არქივის დიგიტალიზაციის პროცესში და ჩანაწერთა მართვის სისტემის შესაძლებლობები" წარდგა.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან არქივების საერთაშორისო საბჭო (ICA) და შვეიცარიის ფედერალური არქივი (SFA).