საქართველოს მთავარ პროკურატურაში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ორ დღიანი ტრენინგი ჩატარდა. უწყების ინფორმაციით, სასწავლო კურსი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა, მოსამართლე რენატე ვინტერმა გახსნეს. ტრენინგი ევროკავშირის პროექტთან „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობით განხორციელდა. ქართველ კოლეგებს საერთაშორისო წარმატებული გამოცდილება ავსტრიის მთავარი პროკურორის მოადგილე გერჰარდ იაროშმა და საერთაშორისო სამართლის პროკურორმა ბრენდა ჰოლიმ გაუზიარეს, რომლებიც ევროკავშირის პროექტის მაღალი დონის ექსპერტები არიან.
ორ დღიანი პროგრამის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენა და აღმოჩენა, მტკიცებულებათა მოპოვება, გამოძიების მეთოდოლოგია, უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის პრაქტიკა.
ტრენინგში საქართველოს პროკურატურის ყველა ტერიტორიული ორგანოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მიმართულების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. პრიორიტეტული მიმართულებებით ერთობლივი კურსების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რაც, ასევე დადებითად აისახება სამართალდამცველი უწყებების კოორდინირებულ საქმიანობაზე.