მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, მას სრულიად ბუნებრივად მიაჩნია, რომ მოსკოვში ყოფნის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდა.
ნოღაიდელის თქმით, მისი მხრიდან არადიპლომატიური საქციელი იქნებოდა, რომ რუს პოლიტიკოსებს არ შეხვედროდა.
"ჩამოვსულიყავი მოსკოვში, შევხვედროდი სათვისტომოს წარმომადგენლებს და არ შევხვედროდი რუს პოლიტიკოსებს, არადიპლომატიური ნაბიჯი იქნებოდა", _ აღნიშნავს ნოღაიდელი.
"რია ნოვოსტიში" გამართულ ვიდეოპრესკონფერენციაზე მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებების დღის წესრიგში პირველი საკითხი უნდა იყოს ძალის გამოყენებაზე უარის თქმა, ომის განახლების ალბათობის ნულამდე დაყვანა, ხოლო მეორე საკითხი - ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის სავაჭრო ურთიერთობებისა და სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა. მისი განცხადებით, თუ აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი ახლავე არ დაიწყო, ხვალ უკვე გვიან იქნება.
"დანარჩენზე მას შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც ამ ორ საკითხზე შევთანხმდებით. პოლიტიკურ სტატუსზე მოლაპარაკებები დღეს რომ გავმართოთ, ის კონტრპროდუქტული იქნება. ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება გავაკეთოთ, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის ასეთი მწვავე კონფრონტაცია აღარ იარსებებს. თავის მხრივ, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა ყოველგვარი ულტიმატუმებისა და წინაპირობების გარეშე უნდა მოხდეს", _ მიიჩნევს ნოღაიდელი.