ფსოუ-ენგურის საავტომობილო გზაზე, გუდაუთის რაიონის დასახლებულ პუქტთან, სახელწოდებით "პრიმორიე", ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აღნიშნული ავტოავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ოთხი _ აფხაზეთის ე. წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო იყო.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, "ჟიგულის" მარკის ავტომობილი, რომლის საჭესთანაც სოფელ აჩადარის მკვიდრი რუსტამ ხაგბა იჯდა, ქალაქ გაგრის მიმართულებით მიდიოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მიმართულების გზის სავალ ნაწილზე გადავიდა. შედეგად ავტონობილი ვაზ-2121 ტიპის ავტომობილს დაეჯახა, რომელსაც სოფელ მგუდზირხუას მკვიდრი ვალტერ ზადე მართავდა.
შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა. გარდაიცვალნენ ასევე მგზავრები _ თენგიზ მალია (დაბადებული 1987 წელს), რუსტამ გუნბა (დაბადებული 1987 წელს), ასტამურ აიბა (დაბადებული 1986 წელს) და საიდ ლეპსაია (დაბადებული 1987 წელს). გარდაცვლილები აფხაზეთის ე. წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში მსახურობდნენ.