დღეს, სანკტ-პეტერბურგში ქართული დელეგაციის ნაწილი გაემგზავრა, მათ შორის არიან პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი და "ნეიტრალური საქართველოს" ლიდერი ვალერი კვარაცხელია. ისინი სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ, ბიზნესმენ ალექსანდერე ებრალიძის მიერ ორგანიზებულ კონგრესში მიიღებენ მონაწილეობას.
პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის განცხადებით, ალექსანდრე ებრალიძეს არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი აღნიშნულ კონგრესზე არ დაუპატიჟებია. მისი თქმით, კონგრესზე, მხოლოდ ქართულ დიასპორასთან შეხვედრა იგეგმება და ამ შეხვედრაზე საპატიო სტატუსით დამოუკიდებელი ექსპერტები მიიწვიეს. კლიმიაშვილის თქმით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთში მიემგზავრებიან - კახა კუკავა, კობა დავითაშვილი და ვალერი კვარაცხელია, სანკტ-პეტერბურგშიი საკუთარი ინიციატივით მიდიან და კლიმიაშვილის განცხადებით, აღნიშნული პირები ებრალიძის კონგრესში მონაწილეობას არ მიიღებენ.
"იქ პოლიტიკოსები არავის დაუპატიჟებია, მათ თვითონ განაცხადეს, რომ უნდოდათ რუსეთში ჩასულიყვენე და ვითარებას ადგილზე გაცნობოდნენ. ისინი არ არიან კონგრესზე მიწვეულები და დარბაზში შეუშვებენ თუ არა, არ ვიცი. ისინი თავისი ინიციატივით მიდიან. თუ შეხვედრაზე რაღაც არ მომეწონება პეტერბურგი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქალაქია და მის ქუჩებში ვისეირნებ, სადაც უკვე დიდი ხანია არ მისეირნია", - განაცხადა კლიმიაშვილმა.
საპირისპიროს ამტკიცებს "ნეიტრალური საქართველოს" ლიდერი ვალერი კვარაცხელია. მისი თქმით, მან პირადად მიიღო მიწვევა ებრალიძისაგნ და შეხვედრაზე აპირებს იმ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბროს, რომელიც მისი თქმით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა.
"მივიღე ოფიციალური მიწვევა ბატონ ალექსანდრე ებრალიძისაგან, რომელიც გახლავათ კონგრესის ორგანიზატორი", - აღნიშნა ვალერი კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთში "ეროვნული საბჭოს" ლიდერები, კახა კუკავა და კობა დავითაშვილიც ჩავიდნენ. ამასთან აღნიშნულ კონგრესზე საქართველოდან 40-დან 60 კაცამდე დაკომპლექტებული დელეგაცია მიემგზავრება. დელეგაციის ნაწილი, მათ შორის სავარაუდოდ მწერალი ელიზბარ ჯაველიძე სანკტ-პეტერბურგში ხვალ გაემგზავრება.