თურქულ მხარესთან ქართული ძეგლების რესტავრაციის შესახებ გაცვლითი პროგრამა საქართველოს პატრიარქთან უნდა შეთანხმდეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის პირადმა მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.
"აღნიშნული საკითხი ჩემს კომპეტენციას სცილდება. მისი შეთანხმება პატრიარქის დონეზე უნდა მოხდეს", - აღნიშნა მამა მიქაელმა. კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ვაჩეიშილის განცხადებით, თუ ოშკის ტაძარის რესტავრაცია უახლოეს მომავალში არ დაიწყო, ქართულ ძეგლს განადგურება ემუქრება. მისი განმარტებით, თურქულ და ქართულ მხარეს შორის შემუშავებულია გაცვლითი პროგრამა, რომელიც თურქეთის მხარეს მდებარე სამ ქართული ძეგლის და ჩვენს ტერიტორიაზე სამი ოსმალური ძეგლის რესტავრაცია-კონსევაციას ითვალისწინებს.
თურქეთის მხარეს არის - ოშკის ტაძარი, ხანძთის მონასტერი და იშხანი; ჩვენს მხარეს _ ახალციხის რაბადში მდებარე მეჩეთი, ბათუმში დამწვარი მეჩეთი, რომლის აღდგენაც ძველი ფოტოების მიხედვით მოხდება და ხის მეჩეთი ქობულეთთან. აღნიშნული პროგრამა ძეგლებისთვის რელიგური ფუნქციის აღდგენას არ ითვალისწინებს, მაგრამ რადგან მათი თავდაპირველი ფუნქცია რელიგური იყო, აუცილებელია საქართველოს საპატრიარქოსთან კონსულტაციები და მათი პოზიციის გაითვალისწინება.