ხვალ, 22 აპრილს, მსოფლიო დედამიწის დღესა და თანამედროვე გარემოსდაცვითი მოძრაობის დაარსების მე-40 წლისთავს აღნიშნავს. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) USAID-ის მხარდაჭერით, პროექტის ,,კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება" (CCADM) ფარგლებში, სპეციალურ მწვანე კამპანიას ახორციელებს - ბავშვებისთვის დედამიწის დღის აღსანიშნავად. აღნიშნული საერთაშორისო დღე ეძღვნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
დედამიწის დღემდე ერთი კვირით ადრე, CENN-ის წარმომადგენლებმა სპეციალური გაკვეთილები ჩაატარეს ჩჩADM პროექტის ექვს სამიზნე მუნიციპალიტეტში: საგარეჯო, დედოფლისწყარო, ქედა, ხელვაჩაური, ბორჯომი და ახალციხე. დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილები სხვადასხვა სოფლების 24 სკოლის მოსწავლეთათვის ჩატარდა. გაკვეთილების თემა კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება იყო.
გაკვეთილების შემდეგ, თითოეული სკოლის მოსწავლეებს მიეცათ დავალება - მოამზადონ პლაკატი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების თემაზე.
22 აპრილს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, CENN-ის ბულაჩაურის მწვანე ცენტრი უმასპინძლებს 24 რეგიონალური სკოლის მოსწავლეებსა და მათ მიერ მომზადებული პლაკატების გამოფენას. საუკეთესო პლაკატის მომზადებისათვის შეირჩევა გამარჯვებული სკოლა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 24 სკოლის მოსწავლე საქართველოს რეგიონული სკოლებიდან, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და USAID-ის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი რესურს ცენტრების, CENN-ის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
საუკეთესო პლაკატის მომზადებაში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზით.
დედამიწის დღეს 190-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ყველა დაინტერესებულ პირს და ორგანიზაციას შეუძლია ჩაერთოს ამ გლობალურ ინიციატივაში და აღნიშნოს დედამიწის დღე 22 აპრილს CENN-თან ერთად ბულაჩაურის მწვანე ცენტრში.