7 ნოემბრის საქმეზე გამართული წინასასამართლო სხდომა ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის შემდეგ დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამაც დატოვა.
„მესმის, რომ თქვენ მორალური წნეხის ქვეშ იმყოფებით. სასამართლოებმა ჩემი კონსტიტუციური უფლება დაარღვია. მე მივმართავ ზეგ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა დაადგინოს, როგორი ქვეყანაა საქართველო. სასამართლომ პროკურატურას და მთავრობას კოჭი გაუგორა და კონსტიტუცია დაარღვია. მე ასევე, ვიცი ზოგადად სისხლის სამართლის სპეციალისტების დამოკიდებულება კონსტიტუციის მიმართ. თქვენ კონსტიტუციაზე მაღლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს აყენებთ ხოლმე. თქვენ თქვენი სანუკვარი სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსიც დაარღვიეთ. კარგად იცით, რომ ეს გადაწყვეტილება აბსურდია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ეწინააღმდეგება,“ - აღნიშნა უგულავამ. განცხადების შემდეგ მან დარბაზი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ამავე, 7 ნოემბრის პროცესზე დღეს ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილსა და მოსამართლეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოსამართლემ ვანო მერაბიშვილს პროცესზე განცხადება არ დაასრულებინა. როგორც მოსამართლემ განმარტა მერაბიშვილის განცხადება პოლიტიკური ხასიათის იყო. მას შემდეგ რაც მოსამართლემ მერაბიშვილს სიტყვა შეეწყვეტინა ყოფილ პრემიერსა და მოსამართლეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მერაბიშვილმა მას მოუწოდა ”უზრდელობისთვის თავი დაენებებინა და სიტყვას ნუ აწყვეტინებდა”. ამის შემდეგ კი მოსამართლემ სხდომათა დარბაზი დატოვა და სხდომა შესვენების შემდეგ განახლდა. სხდომის განახლების შემდეგ პროცესი მერაბიშვილმა დატოვა.