ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ სასამართლო გახდა აბსოლუტურად დამოუკიდებელი მთავრობის ჩარევისგან. ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესთან შეხვდრის შემდეგ განაცხადა. პირისპირ შეხვედრამდე მთავრობის მეთაურმა მოსამართლეებთან გაფართოებული აუდენცია გამართა.
"ჩემთვის ნადვილად საამაყოა, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, უზენაესი სასამართლოს ისტორიაში, ავირჩიეთ ქალბატონი. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, დიდი პროგრესი და ძალიან სერიოზიული განაცხადი. ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი არის სწორედ ის, რომ ჩვენს პირობებში სასამართლო გახდა აბსოლუტურად დამოუკიდებელი მთავრობის ჩარევისგან. დღეს ქალბატონ ნინოსთან გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, რომელზეც ჩვენი ხედვა გავუზიარეთ ერთმანეთს. ჩვენ გვაქვს ერთიანი მიდგომა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სასამართლო, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე. რაც მთავარია, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ მოსახლეობის მხრიდან სასამართლოსადმი ნდობა განმტკიცდეს, გახდეს კიდევ უფრო მყარი და სტაბილური. ჩვენ, მთავრობა მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს სასამართლოს ხელმძღვანელობას ამ მიზნის მიღწევის საქმეში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საუბარი იყო ასევე იმ ხარვეზერბზეც, რომელიც სისტემაში წლების განმავლობაში იყო დაგროვილი. თუმცა, პრემიერის განმარტებით, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ ნინო გვენეტაძე შეძლებს სასამართლოს მიმართ ნდობა ამაღლდეს და ის გახდეს მეტად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე.