მთავრობის ინიციატივით, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები იგეგმება.როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული კანონპროექტით იცვლება საქართველოს ვიზის განმარტება.
კანონპროექტით დგინდება, რომ საქართველოს ვიზა არის ნებართვა და არა აღნიშვნა სამგზავრო დოკუმენტში, რომლიც უცხოელს საქართველოში შემოსვლის, ყოფნის ან ტრანზიტით გავლის უფლებას აძლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს აღნიშნული უცხოელის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები ან უცხოელის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ფაქტი. აღნიშნული განმარტების დახვეწის საჭიროება გამომდინარეობდა იმ გარემოებიდან, რომ კანონის მე-11 და 21-ე მუხლებით განსაზღვრულია საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში უცხოელს შეიძლება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უარი ეთქვას საქართველოში შემოსვლაზე ან შეუწყდეს საქართველოში ყოფნის ვადა (საქართველოს ვიზის მოქმედების ვადა). ამდენად, ვიზის განმარტებიდან უნდა გამომდინარეობდეს, რომ საქართველოს ვიზის მიღება არ არის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის უპირობო საფუძველი. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს ვიზის განმარტებაში კონკრეტდება, რომ საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანის გზით ან ელექტრონული ფორმით (ელექტრონული ვიზა). საქართველოს ვიზის ელექტრონული ფორმით გაცემის შესახებ ჩანაწერი შესაძლებლობას იძლევა კანონში მოხსენიებული იქნეს ელექტრონულ ვიზასთან დაკავშირებული რეგულაციები. კანონპროექტით ახლებურად განიმარტება მოწვევის ცნება. მოქმედი რედაქციისØ თანახმად, მოწვევაზე უფლებამოსილ პირებად ითვლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, საქართველოში შემოსვლის მიზნის დამადასტურებელია ასევე უცხო სახელმწიფოს, ან უცხო სახელმწიფოს იურიდიული პირის თუ სხვა ორგანიზაციების წერილობითი შუამდგომლობები საქართველოში პირის ჩამოსვლის თაობაზე, მიზანშეწონილია მოწვევის ცნება განისაზღვროს უფრო ფართოდ და მოიცვას წერილობითი შუამდგომლობის შემცველი ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უცხოელის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი.
კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ელექტრონული ვიზის გაცემასთან დაკავშირებული რამდენიმე რეგულაცია, კერძოდ: სამინისტროს მიერ ელექტრონული ვიზის გაცემისათვის საჭირო სავიზო განაცხადის წარდგენის წესი - კანონპროექტში გათვალისწინებულია ჩანაწერი, რომლის თანახმადაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის გასაცემად წარდგენილი უნდა იქნას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე „ელექტრონული ვიზის პორტალზე“ განთავსებული სავიზო განაცხადი. თუმცა კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ „ელექტრონული ვიზის პორტალის“ მეშვეობით სავიზო განაცხადის წარდგენის ვალდებულება არ ეხება ელექტრნული ვიზის გაცემას იმ შემთხვევაში, როცა საქართველოს საგარეო სამეთა სმაინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე გაიცემა საიმიგრაციო ვიზა ელექტრონული ფორმით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ელექტრონული საიმიგრაციო ვიზების გაცემა და შესაბამისად სავიზო განაცხადის წარდგენა მოხდება ზოგადი წესით და არა გამარტივებულად, ელექტრონული ვიზის პორტალის მეშვეობით.
სამინისტროს მიერ გასაცემ ელექტრონულ ვიზასთან დაკავშირებით კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ ისევე მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 10 კალენდარული დღის ვადის გაზრდა დაუშვებელია.
კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს ვიზის ელექტრონული ფორმით გაცემის არსი მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ შესაძლებელი იყოს საქართველოს ვიზის ოპტიმალურ ვადაში გაცემა, ხოლო მისი გაცემის ვადის 1 თვემდე გაზრდის შესაძლებლობა გამორიცხავს ზემოაღნიშნულს.