საპარალმენტო უმცირესობის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ უკვე შედგენილია საპარლამენტო დელეგაცია პოლონეთის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე წასასვლელად და აპროტესტებს იმას, რომ ამ დელეგაციაში იგი არ არის ჩართული. ამის შესახებ განცხადება ლორთქიფანიძემ პარალმენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"ჩემი ინფორმაციით, უკვე შედგენილია საპარლამენტო დელეგაციის ათკაციანი შემადგენლობა, რომელიც უახლოეს ორ დღეში პოლონეთში გაემგზავრება. მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობიდან პოლონეთთან მეგობრობის ჯგუფში ერთადერი წევრი მე გახლავართ, ამ დელეგაციაში წარმოდგენილი არ ვარ. ეს კი ჩემ მიმართ არაკორექტული დამოკიდებულებაა", - აცხადებს ლორთქიფანიძე და დასძენს, რომ იგი აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხს პირადად პარლამენტის თავმჯდომარისგან ითხოვს, ვინაიდან დელეგაცას სწორედ დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობს. A
ამასთან დაკავშირებით ლორთქიფანიძე სპეციალური განცხადების გაკეთებს პარლამენტის უახლოეს სესიაზედაც აპირებს და იმასაც აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილი აქვს, პროტესტის ნიშნად უარი თქვას პორტუგალიასთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეობაზე.
საპარალმენტო უმრავლესობისთვის კი ლორთქიფანიძის ეს პროტესტი გაუგებარია. როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა ელდარ კვერნაძემ, რომელიც უშუალოდ არის ჩართული დელეგაციის დაკომპლექტების პროცესში, აღნიშნა, დელეგაციის შედგენისას მეგობრობის ჯგუფის წევრობა არაფერ შუაშია. მისი თქმით, დელეგაცია პოლონეთში სამძიმრის გამოსახატად ჩადის და არა ეკონომიკური თუ სხვა სახის შეხვედრებისათვის, რაც ავალია პოლონეთთან მეგობრობის ჯგუფს. კვერნაძე იმასაც აღნიშნავს, რომ დელეგაცია დაახლოებით 15 წევრით იქნება წარმოდგენილი, მაგრამ დელეგაციის შემდეგენლობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული და სია დაზუსტების პროცესშია.