დღეს, სასტუმრო "ბეტსიში", "ეროვნული საბჭოსა" და "კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ ქართველ ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევების ფაქტები გააცნო.
კუკავამ დარღვევებზე საუბრისას ძირათადი აქცენტი რამდენიმე კონკრეტულ ფაქტზე გააკეთა. მისი თქმით, "ეროვნულმა საბჭომ" ცესკო-ს თხოვნით მიმართა რათა ვიდეოთვალი ყველა საარჩევნო უბანში იქნას დამონტაჟებული, მისი თქმით, წინა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე უბნებში ვიდეოთვალების არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ძირითადად გაყალბების მანქანა სწორედ ასეთ უბნებშია ეფექტური. მეორე საკითხი, რომელსაც კუკავა შეეხო საარჩევნო კომისიაში პარიტეტს ეხება. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია და ცესკო-ს თავმჯდომარედ თავისი კანდიდატი ზურაბ ხარატიშვილი დანიშნა. ასევე, მისი თქმით ახლა კომპლექტდება საოლქო და საუბნო კომისიები. კუკავას განცხადებით, ოპოზიციის ინტერესები ჯერჯერობით აქაც არ არის გათვალისწინებული.
დღევანდელ შეხვედრაზე კახა კუკავამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მმართველი პარტია საკუთარი კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის ბიუჯეტიდან აფინანსებს. "ეროვნულ საბჭოს" ამის დამამტკიცებელი კონკრეტული ფაქტებიც მოყავს.
"ჩვენ ხელთ გვაქვს წერილები, რომლებიც გიგი უგულავამ დაურიგა თბილისელ პენსიონერებსა და ინვალიდებს. ეს წერილები შეგვიძლია გიგი უგულავას პირად პიარკამპანიად ჩავთვალოთ, თუმცა მას ბეჭდავს და ავრცელებს თბილისის მერია. მეორე მაგალითია მერიის ვებგვერდი - იანვრიდან აპრილის დასაწყისამდე, საიტზე მიმდინარეობდა გამოკითხვა - უჭერდნენ თუ არა საიტის მომხმარებლები გიგი უგულავას მხარს?. ჩვენ მერიას მივმართეთ საჩივრით, რის შემდეგაც მხოლოდ შეკითხვის ფორმულირება შეიცვალა და ამჟამად მიმდინარეობს გამოკითხვა - როდის უფრო კარგი ქალაქი იყო თბილისი? ახლა, თუ 5 წლის წინ. ჩვენი აზრით, მერიის საიტი უნდა ემსახურებოდეს, მხოლოდ თბილისის მერიის ინტერესებს და არა კონკრეტული კანდიდატის", - განაცხადა კუკავამ.
შეხვერაზე კუკავამ სპორტის სასახლის ინციდენტი და რამდენიმე სტამბის დახურვის ფაქტი კიდევ ერთხელ გაიხსენა. Mმისი თქმით, ხელისუფლება ამ გზით ოპოზიციას სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალებას არ აძლევს. "ეროვნული საბჭო" საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ მიმართულებით დახმარებას სთხოვს.
კუკავას თქმით, ყველა ზემოთხსენებული დარღვევის შესახებ "ეროვნულმა საბჭომ" შესაბამისი განცხადებით მიმართა ცესკო-ს და ზოგ შემთხვევაში პროკურატურას, თუმცა მისი თქმით, მათ მოთხოვნებს რეაქცია არ მოყოლია.
"ეროვნული საბჭო" საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვნით მიმართავს დაეხმაროს ისეთი საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა უბნებში ვიდეოთვლების დამონტაჟება; საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური პარიტეტის არსებობა; ოპოზიციის მიერ პროკურატურაში შეტანილი საჩივრების განხილვა და სხვა.