ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში პარალმენტის თავმჯდომარე ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის შეხვდება. ბაქრაძისა და ჰამიდ კარზაის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არაოფიციალურად ვრცელდება.
დავით ბაქრაძე ავღანეთში დღეს გაემგზავრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სამსონ ქუთათელაძესთან, უმცირესობის ლიდერ გიორგი თარგამაძესთან და ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძესთან ერთად.
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოდან პირველი ოფიციალური პირია, რომელიც ქაბულში დისლოცირებულ ქართულ ასეულს მოინახულებს.
პარლამენტის პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მაკა გიგაურის განცხადებით, ბაქრაძე ქაბულში სამხედრო ბაზაზე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება და გაეცნობა მათ საყოფაცხოვრებო პირობებს. დაესწრება საწვრთნელ ვარჯიშებს.
რაც შეეხება ბაქრაძისა და კარზაის შესაძლო შეხვედრას, მაკა გიგაური აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობს. აღსანიშნავია, რომ ბაქრაძე ასევე შეხვდება ფრანგ სარდლობას, რომელსაც ქაბულში მყოფი ქართული ჯარი ექვემდებარება. საქართველოს დელეგაცია ავღანეთიდან დღესვე დაბრუნდება.