საქართველოს პირველი პირი მიხეილ სააკაშვილი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა.
თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ბაიდენმა აშშ-ის სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
ამასთან, თეთრი სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ორი ქვეყნის მეგობრობასა და მათ საერთო ღირებულებებს, დემოკრატიას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებათა პატიცისცემას შეეხო.
გარდა ამისა, შეხვედრისას, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მიერ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
ბაიდენის გარდა მიხეილ სააკაშვილი თეთრ სახლში რიჩარდ ლუგარსა და ჯონ მაკკეინსაც შეხვდა, მოგვიანებით კი სენატში გადაინაცვლა და ამერიკელ სენატორებთან გამართა შეხვედრა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში უკვე მეოთხე დღეა იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტმა ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მიიღო მონაწილეობა, პარალელურად კი რიგი შეხვედრა გამართა. ვიზიტის ფარგლებში, სააკაშვილი ხვალ უკვე ატლანტიკურ საბჭოში გეგმავს სიტყვით გამოსვლას.