აჭარის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობა რეგიონისთვის დამატებითი ადმინისტრაციული უფლებამოსილების გადაცემაზე უარს არ იტყვის.
"თბილისში ჩამოვედი იმისთვის, რომ აჭარის რეგიონისთვის დამატებითი უფლებამოსილება წავიღო" - განუცხადა ვარშალომიძემ ჟურნალისტებს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში ამ წუთებში მიმდინარეობს.
ვარშალომიძის განმარტებით, რეგიონისთვის გარკვეული ადმინისტრაციული უფლებამოსილების დელეგირება გადაწყვეტს და რეგიონის მოსახლეობისა და მეწარმეების სახელმწიფოსთან ურთიერთობას უკეთესს გახდის.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, რომელიც ვარაუდობს, რომ აჭარის რეგიონისთვის გარკვეული ადმინისტრაციული უფლებამოსილების გადაცემა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
"ვფიქრობ ამ საკითხის გადაწყვეტა პრობლემა არ იქნება. რაც უფრო მეტი უფლებამოსილების გადაცემა მოხდება რეგონებისთვის მით უკეთესია", - განაცხადა პოლოლიკაშვილმა, რომლის განმარტებითაც აჭარის ავტონომიური მთავრობის პრეტენზიები მის უწყებას მაინც და მაინც არ ეხება.
სახელმწიფო კანცელარიაში ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრას ცენტრალური ხელისუფლებიდან ეკონომიკის მინისტრის გარდა ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, ასევე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ესწრებიან. სხდომას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა ხელმძღვანელობს.