საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს ევროკავშირის 1 190 დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციისგან საქართველოს ვიცე-პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მიიღო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბარამიძის აპარატიდან აცნობეს, ვიცე-პრემიერს "წერილობით ეცნობა, რომ ევროკავშირი მზად არის აქტიურად ჩაერთოს არჩევნების მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებში, რისთვისაც მას განზრახული აქვს მხარდაჭერა ორი მიმართულებით: არჩევნების დაკვირვება და მედიის მონიტორინგი".
"ევროკავშირის დელეგაციისა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) შეთანხმების საფუძველზე, არჩევნებამდე 2 თვით ადრე ISFED-ი უზრუნველყოფს გრძელვადიანი მონიტორინგის მიზნით ქვეყანაში 90 დამკვირვებლის მოვლენას (ერთი დამკვირვებელი ყოველ ოლქში და ერთი - ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში). ამასთან, არჩევნების დღეს, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას ISFED-ის 1100 დამკვირვებელი და იურისტებისგან შემდგარი 15 ჯგუფი გაუწევს მონიტორინგს", - ნათქვამია ბარამიძის აპარატის განცხადებაში.
გარდა ამისა, ევროკავშირი მედიის მონიტორინგთან დაკავშირებულ პროექტსაც განახორციელებს, რაც მიზნად ისახავს მედიის მონიტორინგის მეთოდოლოგიაში ქართველი ექსპერტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებას და მედიის მონიტორინგის რესურსებისა და შესაძლებლობების განვითარებას. ყველა სატელევიზიო არხის მონიტორინგის შედეგები შეიკრიბება და მოპოვებული ინფორმაცია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პერიოდულად, კვირაში ერთხელ განიხილება. ამასთან ევროკავშირი BBC-ის მხარდაჭერით გააგრძელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისა და რედაქტორების ტრენინგებს.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებისა და მისი ჩატარების ყველა ეტაპზე ევროპელი დამკვირვებლების მოვლინების თაობაზე ევროკავშირს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მთავრობამ მიმართა. ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება მის თხოვნაზე ორგანიზაციის პოზიტიურ გამოხმაურებას მიესალმება და გამოხატავს სრულ მზადყოფნას საარჩევნო პროცესზე ევროპელ დამკვირვებლებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და დახმარებაზე, რათა არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.